კიევის “დინამოს” სენეგალელი მცველი პეპე დიაკატე მომავალი წლის იანვრიდან კარიერას სავარაუდოდ საფრანგეთში გააგრძელებს. L’Equipe-ს ინფორმაციით, 25 წლის მცველის შეძენით “ნიცაა” დაინტერესებული, თუმცა თავად ფეხბურთელი კლუბის დასახელებისგან თავს იკავებს. “ვიცი, რომ ჩემი შეძენით ფრანგული კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტულად რაიმეს თქმა არ შემიძლია” - თქვა დიაკატემ, რომელიც 2001-2007 წლებში საფრანგეთის ჩემპიონატში უკვე გამოდიოდა. ის “ნანსის” ღირსებას იცავდა და 142 თამაშში 3 გოლი გაიტანა. 2007 წლიდან დღემდე, დიაკატემ უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 29 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებას კი იგი 2005 წლიდან იცავს (24 მატჩი 1 გოლი). აფრიკელ ფეხბურთელს უკრაინულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2011 წლამდე აკავშირებს.