თბილისის დინამოსა და ავრის ექსფორვარდმა, საქართველოს ნაკრებში ალენ ჟირესის ყოფილმა თანაშემწე გია გურულმა დიდი ხანია საფეხბურთო მენეჯერობას მოჰკიდა ხელი და ბოლო წლებში აქტიურად თანამშრომლობს ქართულ გუნდებთანაც. ამას წინათ ის თბილისში იმყოფებოდა და ჩვენც ვისარგებლეთ ამ შემთხვევით... - გია, როგორც ვიცით, ოლიმპისთვის აფრიკელი ფეხბურთელების ჩამოყვანას აპირებდით... - ოლიმპთან დიდი ხანია მშვენიერი ურთიერთობა მაქვს და მინდა, გუნდს პატარა საჩუქარი გავუკეთო. ვფიქრობ, ეს სიურპრიზი იქნება, რადგან ძალიან კარგ ფეხბურთელებზეა ლაპარაკი... - სურვილი კარგია, მაგრამ მაშინ, როცა აქაურობას თავად ქართველებიც გაურბიან, საქართველოში ძლიერი ფეხბურთელი ჩამოვა? - მე ძველ მაგალითს გაგახსენებთ. სამი წლის წინ საქართველოში ჩამოვიყვანე გაბონის ნაკრების ფეხბურთელები, რომელთაც მაშინ არავინ იცნობდა. ახლა ორი მათგანი აფრიკის თასზე ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს - დიდიე ოვონო და პოლ კესანი. აქედან ნაკრებში რომ მიიწვია, ალენ ჟირესმა ამისთვის მადლობა გადამიხადა. ისინი ხომ ჩვენს ჩემპიონატში გაიზარდნენ. - სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატი არ არის ისეთი დონის, რომ აქ ფეხბურთელმა შესამჩნევ პროგრესს მიაღწიოს... - გეთანხმებით, აქ ბევრი პრობლემააა - ფინანსები, ინფრასტრუქტურა... მაგრამ აქ აფრიკელებმა ისეთი რაღაცები ისწავლეს, რაც თავად არ ჰქონდათ და შემდეგ ეს სანაკრებო დონეზეც გამოადგათ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ფეხბურთი საუკეთესოა, მაგრამ რთული სათამაშოა და სწავლა აქაც შეიძლება. ჩვენ გვაქვს გარკვეული პლუსები, რომელსაც აფრიკელები ითვისებენ. ძალიან ცდება, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ჩემპიონატში, ასე ვთქვათ, ცალი ფეხით ითამაშებ და ადგილს დაიმკვიდრებ. ყველა საფეხბურთო სკოლას საკუთარი ხელწერა აქვს, მათ შორის, ქართულ ფეხბურთსაც. ჩვენი მოთამაშეები განსხვავებულ ტექნიკას ფლობენ, ჩვენი ფეხბურთელები ყველგან გამორჩეულები არიან, და არა იმიტომ, რომ ყველაზე მაგრები არიან, არამედ - ქართული პლუსებით, რაც აქედან მიჰყვებათ და რასაც ყველა ამჩნევს. სამწუხაროდ, ჩვენი ფეხბურთელების გარკვეულ ნაწილს პროფესიონალიზმი აკლია და ამიტომაც ვერ მივდივართ წინ, თორემ გაზრდა საქართველოშიც შეიძლება. - საფრანგეთში ცხოვრობთ და იქაური გადასახედიდან უფრო შეამჩნევდით - კონკრეტულად რაში გამოიხატება ჩვენი მოთამაშეების არაპროფესიონალიზმი? - თუკი მოვახერხებთ, რომ ჩვენი ტექნიკურობა ევროპული ფეხბურთის დადებით მხარეებს შევურწყათ (ვგულისხმობ სწრაფ მოძრაობასა და გადაადგილებას, უბურთოდ მოძრაობას), აი, მაშინ გვექნება ევროპული დონის ფეხბურთი. ფეხბურთს კი ბავშვობიდან ასწავლიან და თავიდანვე უნდა მიაჩვიონ სწორ, აზრიან და თანამედროვე თამაშის სტილს. საქართველოს ნაკრებს შედეგებს ტყუილად ვთხოვთ, ეს წყლის ნაყვაა. წლების განმავლობაში მუშაობაა საჭირო, 10-15 წლის შემდეგ ძლიერი თაობები რომ წამოვიდნენ და შედეგს მიაღწიონ. - ეს უდავოდ საინტერესო თემაა, მაგრამ მთავარი თემიდან გამიტყუეთ - ოლიმპში ვის ჩამოყვანას აპირებთ? - დღეს დაკონკრეტება არ მსურს. თუმცა ზოგადად ვიტყვი, რომ საფრანგეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში ნათამაშები ისეთი ფეხბურთელები შევიგულე, რომლებმაც საქართველოში თამაში სურვილი გამოთქვეს. არა მგონია, საფრანგეთის მეორე დივიზიონის კლუბის წევრი ჩვენს გუნდებს არ გამოადგნენ. - რამდენი მოთამაშის ჩამოყვანას აპირებთ? - სამ-ოთხ მოთამაშეზეა ლაპარაკი. ორი თავდამსხმელია, ერთი კი მარცხენა მცველი. მათ ვარწმუნებდი, რომ საქართველოს ლიდერ გუნდში თამაში ევროპაში დასაბრუნებელ ტრამპლინად გამოადგებათ. ასე მაგალითად, ლე მანში თბილისის დინამოდან ოვონო წავიდა. სიმართლე გითხრათ, კესანი არ ვიცი, სადაა. ზესტაფონის შემდეგ, მასთან კავშირი არ მქონია. თუმცა აფრიკის თასზე თამაშობს, ანუ გაიზარდა. თუკი კარგ გუნდში ქართველი მიდის, მათთვის რა პრობლემა გახდება? - თქვენი ვაჟი ლვოვის კარპატის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, მაგრამ ლიონის გაზრდილია და ნუთუ საფრანგეთში დაბრუნების შანსი არ გააჩნია? - როცა ფეხბურთელი ნიჭიერია, ყოველთვის მაღალი დონის ლიგაში მოხვედრის პრეტენზია აქვს. სანდროსაც სურს, საფრანგეთსა ან მსგავსი დონის ლიგაში მოხვედრა. თუმცა უკრაინაში საკმაოდ მაღალი დონის პირველობაა. იქ ბევრი თამაში ვნახე და გამიკვირდა, რამხელა პროგრესს მიაღწიეს. ასე რომ, სანდროსთვის ლვოვის კარპატი წინსვლისთვის მშვენიერი ტრამპლინია, მთავარია, ამ შანსს როგორ გამოიყენებს. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. შრომისმოყვარე მანდვილად არის. ბოლო წლებში ათლეტურად და ყველა სხვა პარამეტრით საკმაოდ გაიზარდა, მაგრამ მისი თამაშით კმაყოფილი არასდროს ვარ. - კარპატის მთავარი მწვრთნელი ოლეგ კონონოვი ძალიან კი ემადლიერება... - ეს ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვამს, მაგრამ იმით ვარ უკმაყოფილო, საფეხბურთო თავხედობა რომ აკლია - ფეხბურთელს ეს თვისება აუცილებლად უნდა ჰქონდეს. - საფრანგეთიდან ფეხბურთელის ჩამოყვანაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში ქართველების წაყვანაა. თუმცა, იქ დამკვიდრება რთულია. დღემდე ლე მანის დუბლებშია ამირან სანაია, ვახტანგ ფანცხავა კი ძირითადში ვერ მოხვდა და უკრაინაში წავიდა. - სანაიას თამაში რამდენჯერმე ვნახე, ის დუბლებში ანუ მეოთხე დივიზიონში გამოდის. აქაურ ჩემპიონატიდან იქ მოხვედრა მართლა რთულია, რადგან სულ სხვა დონეა, მაგრამ ოვონოს მაგალითი ადასტურებს - შეუძლებელია არაფერია. ფეხბურთელი თუ მონდომებულია, აქაც გაიზრდება. |