ირლანდიის ფეხბურთის ფედერაცია ფიფასგან სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, 33-ე გუნდად დაშვებას ითხოვს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ფიფას პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება. “ირლანდიელებს, არც მსაჯისა და არც მოწინაღმდეგისთვის, რაიმე სანქციის დაწესება არ მოუთხოვიათ. მათ მხოლოდ იკითხეს, შესაძლებელია თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე ირლანდიის ნაკრების 33-ე გუნდად დაშვება. ჯერჯერობით, ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია” – აცხადებს ბლატერი. როგორც ირკვევა, ირლანდიელთა ამ მოთხოვნას 2 დეკემბერს, ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ ირლანდიის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მოხვედრის შანსი საფრანგეთის ნაკრებთან ფლეი-ოფის საპასუხო მატჩის (1:1) დამატებით დროში დაკარგა, მას შემდეგ, რაც შეხვედრის არბიტრმა ფრანგების მიერ თამაშის წესის ორმაგი დარღვევით გატანილი ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი ჩათვალა.