საქართველოს ნაკრებში თითზე ჩამოსათვლელი არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ და ერთ–ერთი მათგანი ლევან კობიაშვილია. დღეს ხშირად გაიგონებთ კირიტიკას ცალკეული ფეხბურთელების მიმართ და გამონაკლისი არც ლევან კობიაშვილია, მაგრამ, მთლიანობაში, მას ბევრი რამ გაუკეთებია საქართველოს ნაკრებისთვის, ქართული ფეხბურთისთვის და მას ნამდვილად ვერ დააბრალებ იმას, რომ ნაკრების წარმატებისთვის რამე დაუკლია, არ მოუნდომებია და ა.შ. ლევანი ერთ–ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც თქვა, რომ ნაკრებში სერიოზული პრობლემები იყო, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და რომ ბულგარეთის ნაკრებთან გამართული შეხვედრა მის სანაკრებო კარიერაში ერთ–ერთი უკანასკენლი იყო. როდესაც ფეხბურთელი შენს თვალწინ გაიზარდა, ჩამოყალიბდა პროფესიონალად, უამრავი სიხარული მოუნიჭებია, მის ნაკრებიდან წასვლას, ცხადია, მძიმედ შეეგუები, თან, როგორი ფეხბურთელის... ძალიან კარგად მახსოვს საქართველოსა და ინგლისის ნაკრები გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში, ნოემბერში. მაშინ ლევან კობიაშვილი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მაშინდელ ინგლისელთა რიგებში ბექჰემი, ადამსი, ფერდინანდი, შერინგემი, გრემ ლე სო და სხვა დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ, ლევანმა მათ წინააღმდეგ ტოლ–სწორად ითამაშა დაცვაში და გამორჩეული იყო. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მაშინ შედგა მისი პირველი სერიოზული სანაკრებო ნათლობა. ადრე თუ გვიან ლევან კობიაშვილი შეუერთდება იმ ფეხბურთელებს და იმ თაობას, რომელთაც ნამდვილად შეეძლოთ უფრო მეტი წარმატებისთვის მიეღწიათ სანაკრებო დონეზე, ვიდრე მიაღწიეს. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებიდან და ზოგადად ქართული ფეხბურთიდან, კიდევ ერთი შესანიშნავი თაობა მიდის ისე, რომ გამარჯვებას ვერ მიაღწია და თავად ლევანიც ამბობს ჩვენთან საუბარში, რომ მას სანაკრებო კარიერაში ცუდი უფრო მეტი ახსოვს, ვიდრე კარგი. – ლევან, ახლა გერმანიაში ხართ? – დიახ. – თქვენს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ შალკედან წასვლას აპირებთ, ბევრს აფიქრებინა, რომ გერმანიაშიც კი აღარ ცხოვრობთ... – არა, ნამდვილად გერმანიაში ვარ. – გულშემატკივარმა თქვენგან ორი მთავარი ინფორმაცია მიიღო. ერთი ის, რომ თქვენთვის ბულგარეთის ნაკრებთან გამართული შეხვედრა ერთ–ერთი უკანასკნელი გახლდათ სანაკრებო დონეზე და ის, რომ ზამთარში თუ არა, ზაფხულში ანუ სეზონის დასრულების შემდეგ, შალკეს ღირსებას აღარ დაიცავთ. ნამდვილად არ ვიცით ამ საკითხთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვს ფელიქს მაგათსა და შალკეს თავკაცობას, მაგრამ საქართველოს ნაკრებს რომ ისევ სჭირდებით, ეს ფაქტია.... – ბოლო დღეების მანძილზე ბევრჯერ მომიწია ამ თემაზე საუბარი და ცხადია, არც ამჯერად დაგზარდებით და შევეცდები ავხსნა ზოგადად, რაც ხდება ჩემს ირგვლივ, მაგრამ დაკონკრეტებისგან მაინც თავს შევიკავებ. შალკედან ჩემი წასვლის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ძალიან მინდა, რომ ეს გერმანიის ბუნდესლიგის პირველი წრის შემდეგ მოხდეს. 1 იანვრიდან სატრანსფერო ფანჯარა იხსნება და მინდა, ამ მომენტით ვისარგებლო. – და თუ არა? – მაშინ ზაფხულში ნამდვილად დავტოვებ გუნდს. – როგორც თავისუფალი აგენტი? – დიახ. – და თუ ზამთარში ვერ წახვალთ გუნდიდან, მეორე წრეში მინდორზე გიხილავთ? – არა მგონია. – მიზეზი? – არის გარკვეული მიზეზები, რის გამოც უნდა წავიდე ამ გუნდიდან. – თქვენ თქვით, რომ წასვლის მიზეზი სპორტულ მხარესთან დაკავშირებული არ არის... – დიახ, ასეა. სულ სხვა მიზეზებია, რის გამოც აქედან წასვლა მიხდება. – უფრო კონკრეტულად? – დიდი ბოდიში, მაგრამ დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ. არის საკითხები, რომელზეც საჯაროდ ვერ ვისაუბრებ და ჩემს გულშემატკივარს ვთხოვ, კარგად გამიგოს. – გერმანულ პრესაში დღესაც კი იწერება იმის შესახებ, რომ შალკეს აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები, მგონი, ამის უარყოფას აზრი არ აქვს... – ეს დასამალი აღარ არის. გერმანიაში კი არა, მთელს ევროპაში ცნობილია, რომ ეს პრობლემა გუნდში არის. ბოლო დროს იმაზეც კი იყო საუბარი, რომ არის ფეხბურთელთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც გუნდს დატოვებს. – ფინანსური პრობლემების გამო? – დიახ, ამ საკითხთან არის დაკავშირებული მათი შალკედან წასვლა. – საკმარისი იყო თქვენ გაგეკეთებინათ განცხადება შალკედან შესაძლო წასვლის შესახებ, რომ უმალვე დაიწყეს საუბარი იმაზე, სად გააგრძელებს ლევან კობიაშვილი კარიერას... – მაინც, სად გადავდივარ? (იცინის) – არის საუბარი, რომ თქვენ პრიმერა დივიზიონში გეპატიჟებიან, ვინაიდან დაინტერესება ჯერ კიდევ ზაფხულში ყოფილა... – დიახ, ნამდვილად იყო. – არც ამ შემთხვევაში შეიძლება დაკონკრეტება? – მე იმას ვიტყვი, რომ ზაფხულში ნამდვილად იყო საუბარი და ვარიანტები, შემოთავაზება ნამდვილად მქონდა, მაგრამ ახლა მარტო მე რომ ვწყვეტდე ამ საკითხს, მაშინ ნამდვილად იოლი იქნებოდა ჩემთვის ბარგის ჩალაგება და იქ წასვლა, სადაც მსურს. – მაგრამ... – მაგრამ როცა გყავს ოჯახი – მეუღლე და შვილები, ასე ადვილი არ არის ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტილების მიღება, ქვეყნის შეცვლა და სხვაგან წასვლა.დამიჯერეთ, ეს იოლი არ არის. ამდენად, ამ ყველაფერზე ჯერჯერობით ვფიქრობ და ყველაფერი გასათვალისწინებელია. – თანაც, უკვე ასაკში ხართ... – ნამდვილად. უკვე ისეთ ასაკში ვარ, ნამდვილად არ იქნება ჩემთვის ადვილი სხვა ქვეყნის ჩემპიონატში ადაპტაციის გავლა. სხვა ქვეყანას სხვა მენტალიტეტი, სხვა ტრადიციები და სხვა გაგება აქვს. სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ გაიხსნება, ძნელია რამე დაინტერესებაზე და ვარიანტებზე საუბარი. შალკესთან კონტრაქტი მაქვს და მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მივიღებ. – იყო თუ არა დაინტერესება და საუბარი სევილიადან? – სევილიადან კონკრეტული წინადადება არ ყოფილა. – სხვა გუნდებიდან? – სარაგოსადან და ოსასუნადან ნამდვილად მქონდა ზაფხულში შემოთავაზება. მაშინ გადავწყვიტე დავრჩენილიყავი შალკეში და მთელი ჩემი შესაძლებლობები ამ გუნდზე დამეხარჯა. წარმოიდგინეთ, შვიდი წელია, რაც ამ გუნდში ვთამაშობ და ეს ცოტა ნამდვილად არ არის. ეჩვევი აქაურ გარემოს, ფეხბურთელებს, ხელმძღვანელებს, გულშემატკივარს და მათთან განშორება ადვილი არ არის. ვალდებულად ვგრძნობდი თავს, რომ კონტრაქტის ბოლომდე მეთამაშა შალკეში და მაქსიმუმი გამეღო. მიმდინარე სეზონში ოთხ შეხვედრაში მივიღე შალკეს რიგებში მონაწილეობა და მინდორზე თავი არ დამიზოგავს. მომავალში, ანუ სანამ მე ამ გუნდში ვიქნები, მომეცემა თუ არა თამაშის შესაძლებლობა, ეს უკვე სულ სხვა თემაა. მოკლედ, ზაფხულში სხვა გუნდში გადასვლასთან საკმაოდ ახლოს ვიყავი, მაგრამ ისევ შალკეში დარჩენა გადავწყვიტე. – ხომ არ ნანობთ, ესპანეთში წასვლაზე უარი რომ თქვით? – არასდროს ვნანობ, ვინაიდან ერთ და ორ წუთში გადაწყვეტილებას არ ვიღებ, ჯერ კარგად ვფიქრობ და მერე ვდგამ ამა თუ იმ ნაბიჯს. ამდენად, სინანული აქ არაფერ შუაშია. – მაგრამ თქვენი ოცნება ხომ ყოველთვის ესპანეთში თამაში იყო? – ვინც მე მიცნობს, ყველამ იცის, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მაგრამ ცალკეულმა მიზეზებმა და პრობლემებმა მაინც გერმანიაში დამტოვა და აქ გავაგრძელე კარიერა. სიმართლე ითქვას, ახლა იმაზე საუბარი, სად შეიძლებოდა წავსულიყავი და სად შეიძლებოდა მეთამაშა, შორს წაგვიყვანს. ახლა იმაზე რომ დავიწყო საუბარი, იქ რომ წავსულიყავი, უფრო მეტს მივაღწევდი ან ვერ მივაღწევდი–მეთქი, მგონი, არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არაფერს ვნანობ. – და მაინც გკითხავთ, ლევან ესპანეთიდან რომ იყოს კვლავ წინადადება, დაფიქრდებით? – აუცილებლად (იცინის). – მაგრამ? – მაგრამ, ამავე დროს, აუცილებლად გავითვალისწინებ ჩემი ოჯახის ინტერესებს. – დღეს თქვენთვის უმთავრესი მაინც ოჯახია... – რა თქმა უნდა. მე ყველაფერს ვაკეთებ ჩემი ოჯახის წევრებისთვის. მათ ინტერესებს წინა პლანზე ვაყენებ და ეს ასეც უნდა იყოს. – ექტორ რაულ კუპერი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარ არის... – ვიცი, ვიცი. – ისიც გეცოდინებათ, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაია დაინიშნა... – დიახ, ესეც შევიტყვე და მინდა მას თქვენი საშუალებით ნაკრების თავკაცად დანიშვნა მთელი სულით და გულით მივულოცო. მან კარგად იცის, რა პასუხისმგებლობაა ნაკრების თავკაცობა და ამ მეტად მძიმე საქმეში წარმატებას ვუსურვებ. – თქვენ განაცხადეთ, რომ ბულგარეთის ნაკრებთან შეხვედრა თქვენთვის ერთ–ერთი უკანასკნელი იყო... – დიახ, ზუსტად ასე განვაცხადე. – მაშინ ასე გკითხავთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას უნდა ჰქონდეს ლევან კობიაშვილის იმედი? – რა თქმა უნდა. მოდით, ჯერ იმას გეტყვით, რატომ ვთქვი, რომ ბულგარეთის ნაკრებთან გამართული შეხვედრა ჩემთვის ერთ–ერთი უკანასკნელი იყო. ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას, რომ წარუმატებელი საფეხბურთო კარიერა მქონდა და წარმატებას ვერ მივაღწიე. შეიძლება გერმანიის ჩემპიონი ვერ გავხდი, მაგრამ როცა მინდორზე ვიყავი, თავი არ დამიზოგავს და ბევრი ბედნიერი წუთიც განვიცადე, თუმცა, კლუბი ერთია და ნაკრები მეორე. ეროვნულ ნაკრებში წარმატებულ მატჩს ან შესარჩევ ციკლს ნამდვილად გავცვლიდი კლუბში მიღწეულ წარმატებაზე. ჩემთვის ყოველთვის იყო და არის ნაკრები და იქ მიღწეული შედეგი, რომელიც, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ამდენად, მე შემიძლია ვთქვა, რომ მთელი იმ პერიოდის მანძილზე, რაც მე საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ, ცუდი უფრო მეტი გასახსენებელი მაქვს, ვიდრე კარგი, ანუ ერთი ჩაგდებული შესარჩევი ციკლი მეორეს მიჰყვებოდა, ერთი მარცხი მეორეს და დღეს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევ ციკლში ერთი შეხვედრაც კი ვერ მოიგო, ხოლო ციკლი ბულგარეთთან განცდილი კატასტროფული მარცხით დავასრულეთ. ამიტომ ვთქვი, რომ არ მაქვს სურვილი ჩემი სანაკრებო კარიერა ასეთ ცუდ ნოტაზე დავასრულო და მინდორი თავჩაღუნულმა, დამარცხებულმა და შერცხვენილმა დავტოვო. – ანუ საქართველოს ნაკრებში... – რამდენიმე შეხვედრას აუცილებლად ჩავატარებ და არ არის გამორიცხული, რომ მთელი შესარჩევი ციკლიც, მაგრამ ამისთვის მთავარია ნაკრებში გამოძახება და იმედი მაქვს, რომ ჩემი სათამაშო ფორმით ამას დავიმსახურებ კიდეც. ფეხბურთიდან წასვლა ჯერ ნაადრევად მიმაჩნია. მინდა კარგად გამიგოთ, მინდა ნაკრებიდან ამაყი და გამარჯვებული წავიდე. ისიც კარგად ვიცი, რომ ქართულ ფეხბურთში ძალიან ბევრი პრობლემაა შექმნილი და ერთი ხელის მოსმით არ გადაიჭრება. ვისაც შეუძლია ქართულ ფეხბურთს რამით დაეხმაროს, აუცილებლად უნდა გააკეთოს და სარგებელი მოუტანოს. დღე, რა პრობლემებიც გვაქვს, სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. – თემურ ქეცბაიას ნაკრებში მოსვლას როგორ უყურებთ და რამდენად ძნელი ან ადვილი იქნება თქვენთვის ყოფილი თანაგუნდელის ხელმძღვანელობით ნაკრებში თამაში? – აქ ადვილზე და ძნელზე საუბარი არ არის. თემურთან მეგობრობა მაკავშირებს და ერთად გვითამაშია. როცა ნაკრებში ვითამაშებ, ის ჩემთვის მწვრთნელი იქნება და მე ფეხბურთელი. ანუ მეგობრობა და ყოფილი თანაგუნდელობა საქმეში არაფერს ნიშნავს. ჩემი მხრიდან ეს ადამიანი ყოველთვის დაიმსახურებს პატივისცემას და ისეთივე ურთიერთობა გვექნება, როგორც სხვა ფეხბურთელსა და მას შორის იქნება. რაც შეეხება, მის ნაკრებში მოსვლას, მე ძალიან კარგად ვიცი, თუ ვისთან გვაქვს საქმე. მე საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორი მონდომებით ეკიდებოდა თავის საქმეს, როგორ ვარჯიშობდა და როგორ ინდომებდა. მას საკმაოდ წარმატებული სამწვრთნელო კარიერა აქვს, ანორთოსისში სერიოზულ წარმატებას მიაღწია. ამდენად, იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრებშიც გააგრძელებს თავის წარმატებულ სვლას, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი, თუ მას გვერდში დაუდგებიან და მუშაობის ყველა წინაპირობას შეუქმნიან, მჯერა, რომ მაქსიმუმს გაიღებს და წარმატებას მიაღწევს. აქ მარტო ერთი პიროვნება ვერ მოაგვარებს პრობლემას. აქ ყველამ ერთად, საერთო ძალებით უნდა ვეცადოთ იმ დიდი და სერიოზული პრობლემების მოგვარება, რომელიც დღეს ქართულ ფეხბურთშია. წყარო: სპორტსიახლენი |