სეზონის ძალიან ცუდად დაწყების შემდეგ გერმანიის ყველა დროის საუკეთესო კლუბმა, მიუნხენის ბაიერნმა, როგორც იქნა, ათამაშება მოახერხა და გარდა ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეული წარმატებისა, პირველ ბუნდესლიგაშიც უახლოვდება მისთვის ისტორიულად კუთვნილ ადგილს. პოპულარულ გერმანულ გამოცემა ბილდთან საუბრისას მიუნხენური კლუბის სპორტული დირექტორი, კრისტიან ნერლინგერი აცხადებს, რომ ბაიერნის ბოლოდროინდელი წარმატების მთავარი მიზეზი ჰოლანდიელი მწვრთნელია. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ბოლო ტურში ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ მოუწია ბაიერნს თამაში და იტალიელებს ქულაც კი აძლევდათ ხელს, გასულიყვნენ მერვედფინალში, მაგრამ ბაიერნმა ის შეხვედრა 4:1 მოიგო, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ სტუმრად ბოხუმი 5:0 დაამარცხა. – ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩავარდნილი სტარტის შემდეგ, როგორც იქნა, მიუნხენურ კლუბს დაეტყო დადებითი ტენდენცია. რამდენად მნიშვნელოვანია ლუის ვან გაალის ბოლოდროინდელი წარმატებები? – შეიძლება ითქვას, შვებით ამოვისუნთქეთ მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა ის ფაქტი, რომ გუნდი ვითარდება. ამ პროცესში დიდი წვლილი მიუძღვის მწვრთნელს. საკმაოდ რთული ეტაპი გვქონდა, ეს იყო ყველაზე ცუდი სტარტი 43 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ის ფეხბურთი, რის დემონსტრირებასაც ვახდენდით, ნამდვილად არ ამართლებდა ჩვენს მოლოდინს. თუმცა, ტურინში ჩატარებული მატჩის შემდეგ აშკარა გახდა, რომ პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ დიდი ნაბიჯებით მივიწევთ წინ. – ამ ხნის განმავლობაში რამდენად შეგქონდათ ეჭვი ვან გაალში? – ჰოლანდიელი მწვრთნელი თავიდანვე გვაფრთხილებდა, რომ სეზონის პირველი რვა კვირა მძიმედ ჩაივლიდა. თუმცა, ამ რთულმა ეტაპმა უფრო დიდხანს გასტანა, ვიდრე ვვარაუდობდით. ისეთ კლუბში, როგორიც ბაიერნია, ასეთი ჩავარდნები ყოველთვის ძალიან ცუდად აღიქმება ხოლმე, განსაკუთრებით არცთუ სახარბიელო წინა სეზონის შემდეგ. ყოველთვის გვესმოდა იმის აუცილებლობა, რომ მწვრთნელის და კლუბის ფილოსოფია ერთ მნიშვნელამდე უნდა ყოფილიყო მიყვანილი. ამ მხრივ უკვე კარგ გზას ვადგავართ. – რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, გარდამტეხი პერიოდი რომ არ დამდგარიყო? – ვისურვებდი, რომ კრისტიან ნერლიგერის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ყოფნისას მიმოქცევაში შესულიყო ახალი გაგება: "უწყვეტი კავშირი". ეს კავშირი უნდა იყოს შინაგან ბიძგებსა და გარეგან წარმოჩენას შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მწვრთნელში დარწმუნებულები ვართ, მაშინ რთული მომენტები მასთან ერთად უნდა გადავიტანოთ. – ლუის ვან გაალს სულ მალე შესაძლებლობა ექნება 51 ტურის განმავლობაში პირველად გადაიყვანოს თავისი გუნდი ჩემპიონატის ცხრილის სათავეში... – თუ ასე მოხდა, კარგი იქნება, თუმცა, ეს არ არის მთავარი. ყველაზე მნიშნელოვანი გუნდის განვითარებაა. თუ რამდენიმე კვირის წინ გვესმოდა, ბაიერნი ფრანკ რიბერის გარეშე არაკონკურენტუნარიანიაო, ახლა უკვე გუნდის ბოლოდროინდელმა შედეგებმა მსგავსი ფრაზები ოპტიმისტური შეძახილებით შეცვალა. ხოლო როცა რიბერი დაბრუნდება, არიენ რობენი დაიბრუნებს ძველ ფორმას და იმ დროისთვის უკვე, ვიმედოვნებ, რომ პირველ ადგილზე გასვლა მხოლოდ დროზე იქნება დამოკიდებული. მიუნხენის ბაიერნს ხომ ყოველთვის პირველობა და ტიტულების მოგება უნდა. – ამისთვის ვან გაალი ახალ მოთამაშეებს თუ მიიღებს, რომელთა გადაბირებას იგი სიამოვნებით შეეცდებოდა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც კი? – არავის ყიდვას ვგეგმავთ, თუმცა, თუ ამ ყველაფერს განვიხილავთ, როგორც მოყვარულთა გუნდიდან პროფესიონალებთან ტალანტების გადმოყვანას, შეიძლება და იქნება კიდეც ამგვარი შენაძენები. ვან გაალის მწვრთნელის პოსტზე ყოფნისას ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ისეთი შანსები მიიღეს, როგორებიც მათ ბაიერნში დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ. – ბარსელონას მწვრთნელობის დროს ლუის ვან გაალმა ისეთი ვარსკვლავები აღმოაჩინა, როგორებიც არიან ხავი და ანდრეს ინიესტა. გაქვთ იმედი, რომ მსგავსის გაკეთებას მოახერხებს იგი მიუნხენშიც? – ხავი და ინიესტა ახლა მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან. რაც შეეხება ახალგაზრდა მოთამაშეების აღზრდასა და გამოძერწვას, ბარსელონა ამ საკითხში სამაგალითო კლუბია. ამაში ძალიან დიდ პლუსს ვხედავ და ეს კიდევ ერთი არგუმენტია ვან გაალის სასარგებლოდ. მის გარეშე ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ტომას მიულერი და ჰოლგერ ბადშტრუბერი, ვერასდროს შეძლებდნენ ასეთ აშკარა წინსვლას. ბენილუქსელს თავისი მეთოდები აქვს, ახალგაზრდა მოთამაშეებს იმ მხარდაჭერასა და გამხნევებას არ აკლებს, რომელიც მათ ასე ძალიან სჭირდებათ. – ვან გაალი ახალგაზრდა ტალანტების წინსვლას უზრუნველყოფს, ამასთანავე უკვე ვარსკვლავად ქცეული ფეხბურთელები ყოველთვის თავისას იღებენ. როგორ იქნება ახლა ლუკა ტონის საქმე? – ნაკლებად სავარაუდოა, რომ მთავარ მწვრთნელსა და ლუკა ტონის შორის კარგი ურთიერთობა აღდგეს. თუმცა, აუცილებელია მოცდა და იმის ნახვა, რა მოხდება ზამთრის არდადეგების განმავლობაში. სპორტსიახლენი |