გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს და კიდევ ერთხელ შეეცდება ფინალში გასვლას და გამარჯვების მოპოვებას. 1990 წლის შემდეგ გერმანელებს მსოფლიოს პირველობა არ მოუგიათ, მაგრამ ,სიმართლე ითქვას, არც ისეთი ნაკრები ჰყოლიათ, როგორც 90–იან და წინა წლებში. თუმცა, 2002 წელს ალემანებმა მოახერხეს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლა, სადაც ოლივერ კანის შეცდომის შემდეგ ბრაზილიასთან წააგეს. კანი პირველობის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ის შეცდომაც რომ არა, გერმანელები ბრაზილიელების მომგებები ნამდვილად არ იყვნენ. ოთხი წლის შემდეგ გერმანელებმა მსოფლიოს პირველობას უმასპინძლეს და სანუკვარ მიზანთან ახლოსაც იყვნენ. პენალტების სერიაში არგენტინას მოუგეს, ნახევარფინალში კი დამატებით დროში მომავალ მსოფლიოს ჩემპიონებთან, იტალიელებთან წააგეს. შემდეგ მესამე ადგილი კი აიღეს, მაგრამ... ორი წლის შემდეგ ისინი უკვე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ და ამჯერად ესპანეთთან დამარცხდნენ. მოკლედ, ალემანებს და მათ თავკაც იოახიმ ლიოვს პრიზიორობა ყელში ამოუვიდა და ახლა მათი მიზანი ჩემპიონობაა. გერმანიის ნაკრების ერთ–ერთი ცენტრალური ფიგურა მცველი ფილიპ ლამია, რომელიც მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავს და სიმართლე ითქვას, ფორმის პიკში სწორედ 2006 წელს იყო, როდესაც მის გადაბირებაზე რეალი და ბარსელონაც კი იბრძოდნენ, მაგრამ არ გაუშვეს. ახლა კი ლამი მთლად ბრწყინვალე ფორმაში არ არის. 170 სმ სიმაღლის ფეხბურთელი შეიძლება ტანით პატარაა, მაგრამ თავის მოვალეობას მინდორზე პირნათლად ასრულებს, საკმაოდ სწრაფია, მოქნილი და 25 წლის ასაკში, მიუნხენის ბაიერნის აღზრდილმა გუნდის ვიცე კაპიტნობასაც კი მიაღწია. თავად ლამი არ მალავს, რომ გერმანულ ფეხბურთში თავი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაიმკვიდრა. ფეხბურთელი, რომელმაც გერმანიის ნაკრების რიგებში უკვე ჩაატარა 60 შეხვედრა, დარწმუნებულია მისი ნაკრების სამხრეთ აფრიკაში წარმატებით გამოსვლაში. – გერმანიის ნაკრები მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ამ წარმატებას გილოცავთ... – დიდი მადლობა, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, წინ კიდევ ბევრი რთული შეხვედრა გველის. – გერმანიის ნაკრების გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატი წარმოგიდგენიათ? – ვერ წარმომიდგენია და ვერც ვერავინ წარმოიდგენს. გერმანიის ნაკრები შესარჩევ ჯგუფში აქამდე საერთოდ არ ჩარჩენილა და იმედია, მომავალში ჩვენი ფეხბურთი იმ დონემდე არ მივა, რომ ასეთ დღეში ჩავვარდეთ. ჩვენ რომ იმაზე დაგვეწყო ფიქრი, ვითამაშებდით თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ამის შიში გვქონოდა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით. – თქვენ ამ გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდით. გერმანიის ნაკრებისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო ბოლომდე ბრძოლა, ჟინი. გერმანელებისთვის ეს თვისებები კვლავ დამახასიათებელია? – რა თქმა უნდა. ჩვენთვის ეს თვისებები დღესაც დამახასიათებელია და ამავე დროს, გერმანიის ნაკრები თამაშობს როგორც ერთი მთლიანი გუნდი. ჩვენი სიძლიერის დამახასიათებელი თვისება კიდევ ის თამაშია, რის შემდეგაც გოლები გაგვაქვს. ჩვენ, როგორც ადრე, ახლაც ძალიან სახიფათონი ვართ შორეული დარტყმის, მეორე სართულზე ბრძოლის და პოზიციური ბრძოლისას. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად ვთამაშობთ, შინ თუ გარეთ, ყოველთვის მოსაგებად ვიბრძვით. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერები ვართ და თამაშის ბოლომდე ვიბრძვით. – გერმანიის ნაკრები მენტალურად ყოველთვის ძლიერი იყო. რატომ? – იმიტომ, რომ წარსულში ძლიერები ვიყავით და ახალ თაობას ეს სიძლიერე გენეტიკურად მოსდევს. გერმანიის ნაკრებმა მოიგო 1954, 1972 და 1990 წლების მსოფლიოს ჩემპიონატები და 1972, 1980 და 1996 წლების ევროპის ჩემპიონატები. რამდენჯერმე ფინალში ვიყავით, კიდევ უფრო მეტჯერ ფინალთან ახლოს და ა.შ. დამიჯერეთ, გერმანიის ნაკრები რაც უნდა სუსტი მოეჩვენოს ვინმეს, ყოველთვის იმდენად ძლიერია, რომ ფინალში გასასვლელად იბრძოლოს. – გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს ნერვიულობა გახასიათებთ? – არასდროს. ჩვენ მობილიზებულები ვართ და არ ვნერვიულობთ. კარგად გვესმის, რომ ნერვიულობა საქმეს არ წაადგება და პირიქით, მთელი ძალით ვცდილობთ ვითამაშოთ ის ფეხბურთი, რომელიც თამაშს მოგვაგებინებს. რუსეთის ნაკრების დამარცხება იოლი საქმე არ ყოფილა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტებს ნამდვილად ვაჯობეთ. შეიძლება მეორე ტაიმში ისინი უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ბოლომდე მთელი გუნდით მაინც ვერ გვიტევდნენ. – რა მიზანი აქვს გერმანიის ნაკრებს სამხრეთ აფრიკაში? – პირველ რიგში, აუცილებელია ჯგუფური ეტაპის დაძლევა და შემდეგ მერვედფინალში გასვლა, 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა. მერე კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გადახედეთ სტატისტიკას, როგორ ითამაშა გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2006 და ევროპის 2008 წლის ჩემპიონატებზე და მიხვდებით, რა შესაძლებლობა აქვს გერმანიის ნაკრებს. ყოველთვის აქვს გუნდს იმის შანსი, რომ გავიდეს ფინალში. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თითოეული შანსი უნდა გამოვიყენეთ. ჩვენ არ გვავიწყდება, რომ სულ ტონუსში უნდა ვიყოთ და ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაში ადვილი ნამდვილად არ არის. – მსოფლიო გუნდების ელიტაში გერმანიის ნაკრებს ხედავთ? – ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის ძალიან ძლიერია ესპანეთის ეროვნული ნაკრები. ინგლისის ნაკრებს ძლიერი მწვრთნელი ჰყავს და თავად ნაკრებიც კარგად ათამაშდა. ბრაზილიის ნაკრებიც არ უნდა დავივიწყოთ. რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, ჩვენ შევდივართ იმ ქვეყნების რიცხვში, ვისაც აქვს ძალა იბრძოლოს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავედით, ევროპის პირველობაზე მეორე ადგილზე. ამდენად, ახლა ჩვენი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლა და მოგებაა. – თქვენ ერთ–ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი ხართ მსოფლიოში. რა თვისებები უნდა ჰქონდეს თქვენი პოზიციის ფეხბურთელს თანამედროვე ფეხბურთში? – დროულად უნდა ჩაერთო შეტევებში და ეს მომენტი არ უნდა გამოგეპაროს და რაც მთავარია, დაცვას დიდი ყურადღება უნდა დაუთმო. აუცილებლად კარგად უნდა იყო მომზადებული მეტოქესთან ერთი–ერთზე საბრძოლველად. ამისთვის კი ტექნიკურად კარგად უნდა იყო მომზადებული. – ალბათ, თქვენი დონის ფეხბურთელისთვის ყურადღების ქვეშ ყოფნა რთულია... – ძალიან რთულია. როგორც ფეხბურთელს უნდა გახსოვდეს, რომ თითოეული შეხვედრა უნდა იყოს საუკეთესოდ ჩატარებული. – ყველამ ვიცით, რომ თქვენ უფრო კარგად მარჯვენა ფეხს ხმარობთ, მაგრამ ნაკრებში მარცხენა მცველის ადგილას თამაშობდით. ბოლო პერიოდში ბაიერნში და ნაკრებში მარჯვენა მცველის ადგილას დაბრუნდით. ამდენად, შეიძლება იმის თქმა, რომ ორივე ადგილას გუნდის კოზირი ხართ... – მიმდინარე სეზონში მარჯვენა ფეხით გოლებიც გავიტანე, გადაცემებიც გავაკეთე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარცხენა ფეხით თამაში დამავიწყდა. უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ორივე ფლანგზე და ორივე ფეხით თამაში შემიძლია. – 25 წლის ხართ, მაგრამ კარიერაში ბევრს მიაღწიეთ და ალბათ, ამის დამსახურება იყო იმ ფონდის ჩამოყალიბება, რომელიც გერმანიაში 2007 წელს გამოჩნდა. – ფილიპ ლამის ფონდი 2007 წლის დეკემბერში ჩამოვაყალიბე და ჩვენი მიზანიაბავშვები და ახლაგაზრდა თაობა სპორტში დავასაქმოთ და მათ წინსვლას ხელი შევუწყოთ, მაგრამ არა მარტო გერმანიაში, არამედ აფრიკაშიც. ჩვენ უკვე გვაქვს სავარჯიშო საფეხბურთო მინდორი იოჰანესბურგში და საზაფხულო კემპზე 80–მდე ბავშვი გვყავდა მოწვეული გერმანიაში. ძირითადი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას, ტექნიკურ მონაცემებს დაეთმო. |