თანამეგობრობის თასის გათამაშების მსვლელობისას, 18 იანვარს მოსკოვს ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი თანაშემწეებთან ერთად ეწვია. რუსეთის დედაქალაქში ის დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საფეხბურთო ხელმძღვანელებს შეხვდა. ცნობილ მიზეზთა გამო, ამ შეხვედრაზე საქართველოს დელეგაცია არ ყოფილა. როგორც ირკვევა, რუსეთმა იცრუა - ქართველები არ ჩამოვიდნენო, არადა, რეალობა სულ სხვაა. აი, რას ამბობს ზვიად სიჭინავა: მინსკში, უეფას კონგრესის მონაწილეებმა გვკითხეს, მოსკოვში ბლატერი რომ იყო ჩასული, თქვენც რატომ არ ჩახვედითო? ბუნებრივია, მე და რევაზ არველაძე გავოცდით, თუმცა ყველაფერს იქვე მოვფინეთ ნათელი. განვუმარტეთ, რომ მოსკოვიდან ჩვენთვის მიწვევაც არ გამოუგზავნიათ... ბუნებრივია, ფიფას ხელმძღვანელობა საქმის კურში ჩავაყენეთ. საუბარში მათ ავუხსენით, რომ ეს ფეხბურთია და პოლიტიკური ამბიციები მას და ზოგადად სპორტს არ უნდა ეხებოდეს. მიწვევა რომ მიგვეღო, მოსკოვში ჩავიდოდით და ამ პასპორტების საკითხის გარდა, სხვა მწვავე თემებსაც წამოვწევდით... ფიფას პრეზიდენტ ბლატერისგან კი მიპატიჟება მივიღე და მას ჟენევაში 17 თებერვალს შევხვდები. ეს გაცნობითი ხასიათის ვიზიტი იქნება, მაგრამ იმედია, საინტერესო საკითხებსაც შევეხებით. ვილაპარაკებთ ფიფას პროგრამებში უფრო ინტენსიურ მონაწილეობაზე. რუსულ საიტებზე არაერთხელ გაჩნდა ინფორმაცია, ცხინვალისა და სოხუმის გუნდების რუსეთის ჩემპიონატში სავარაუდო ჩართვასთან დაკავშირებით. უნდა გითხრათ, რომ თავად რუსეთის საფეხბურთო კავშირის დებულება ამას კრძალავს. როგორც არ უნდა აღიაროს რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ამ რეგიონებს არა აქვთ საერთაშორისო აღიარება და აქედან გამომდინარე, ფიფა და უეფა რუსეთის მიმართ სანქციებს აამოქმედებს. ამის გაკეთება კი არა, გაფიქრებაც არ შეიძლება. |