სამუელ ეტოო ფილსი კამერუნის პატარა ქალაქ ნკონში დაიბადა. ჯერ კიდევ პატარაობიდანვე ატყობდნენ, რომ მისგან რაღაც არაორდინალური უნდა გამოსულიყო. ასეც მოხდა – ეტოო ამჟამად მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ერთი შეხედვით, კაცს მოეჩვენება, რომ ძალიან მოქნილი და სწრაფი ეტოო ბურთთან ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს, თითქოს ხშირად მრგვალი სფერო მას არ ემორჩილება, მაგრამ მაშინაც კი საშიშია კამერუნელი ფეხბურთელი, როცა გგონია, რომ ბურთი გაექცა. იგი ფლობს ყუმბარისებურ დარტყმას და არავინ იცის, საიდან და როდის მოეხასიათება კარში გაგზავნოს ბურთი. ეტოო 16 წლის ასაკში შეიძინა "რეალმა" – ამით კი მხოლოდ კამერუნელმა ფეხბურთელმა იხეირა. სამუელი ჯერ "ლეგანესში" გაანათხოვრეს, ხოლო შემდეგ – "მალიორკაში", სადაც 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა. "რეალმა" მალიორკულ გუნდს ეტოოს უფლებების ნახევარი დაუთმო, რომელიც შემდეგ სრულად გამოისყიდა კუნძულოვანმა გუნდმა. ეს იყო ალბათ მადრიდული კლუბის ყველაზე დიდი შეცდომა ისტორიაში. ჯერ ერთი, ეტოო მსოფლიოს დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა და სადაც კი "რეალი" დაიჭირა, "უპატივცემულო" არ დატოვა და მისი სხვა გუნდში ყოფნა მწარედ ანანა. შემდეგ კი უკვე 24 მილიონად იყიდა მადრიდელთა მოსისხლე მტერმა "ბარსელონამ" და სამუელმაც უკვე ამ გუნდში დაიწყო ტიტულების მოგება. თუმცა, ეტოოსთან ერთად თუ ტიტულები და გოლებია, მისთვის იშვიათობას არ წარმოადგენს კონფლიქტებიც. ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ერთ–ერთი გმირის სამსახურზე "ბარსელონამ" უარი თქვა და საბოლოოდ მილანის "ინტერს" გაუცვალა. ეტოო უკმაყოფილი იყო ამ გაცვლით, მას არ სურდა კატალონიური კლუბიდან წასულიყო, შემდეგაც ბევრი იძახა, რატომ გამიშვეს, არ ვიციო და ეს მართალიც არის – მისი გაშვების მიზეზი მარტო ხოსეპ გვარდიოლამ თუ იცის, რადგან ეტოოს მსგავსი თავდამსხმელი გუნდს არ სჭირდებოდეს, ცოტა წარმოუდგენელია. ეტოო იტალიის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცა, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა და ეტოომაც თავისი ტრანსფერის წილი კატალონიურ კლუბს მოსთხოვა. ეტოო და მისი აგენტი ხოსე მარია მესალიესი "ბარსელონას" 3 მილიონ ევროს სთხოვენ. კამერუნელი ფეხბურთელის აგენტის თქმით, ეტოოს ტრანსფერიდან 15 პროცენტი ფეხბურთელს ეკუთვნის, რადგან მისი ფასი 20 მილიონს შეადგენდა, ეტოო 3 მილიონითაც კმაყოფილდება. "ბარსელონას" კი ფულის გადახდა არ უნდა, ბევრი იძახა ეს კანონი მხოლოდ ესპანეთიდან ესპანეთში გადასულ ფეხბურთელებზე მოქმედებს და არა მის გარეთო, მაგრამ ეტოომ ამოჩიჩქნა, რომ მსგავს სიტუაციაში სასამართლომ "დეპორტივოს" ალბერტო ლუკესთვის 2,1 მილიონი ევროს გადახდა დაავალა, რომელიც 14 მილიონად გადავიდა "ნიუკასლში". ამ ფაქტზე დაყრდნობით, ეტოომ კატალონიური კლუბის მიმართ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ეტოოს სასამართლოში, როგორც მოსარჩელე მხარე, ისე წარსდგება. ყველა სხვა შემთხვევაში თავად შეეძლო აღმოჩენილიყო საბრალდებო სკამზე. გასული წლის ივნისში, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების წინ, კამერუნის ნაკრების ფეხბურთელებმა ადგილობრივ მედიასთან საუბარი არ ისურვეს და მხოლოდ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მოაწყვეს პრესკონფერენცია, რაზეც პროტესტი უკვე ჟურნალისტებმა გამოხატეს და ისე დააპირეს დარბაზიდან გასვლა, რომ ფეხბურთელებისთვის არ მოუსმენიათ. ეტოომ ერთ–ერთი მათგანი, ფილიპ ბონე, გვერდზე გაიყვანა, საყელოში ხელი ჩაავლო და თავი ყბაში ჩაარტყა. ბონე სასამართლოში აპირებდა ჩივილს, მაგრამ ეტოომ მას პირად საუბარშიც მოუხადა ბოდიში და ტელევიზიითაც, ამასთან, მთელი მისი მკურნალობის ხარჯები გასწია. ტელეჟურნალისტი ბართლომეო ტერასა კი მართლა გაუგებრობაში მოყვა. თავისი მანქანით "ბარსელონას" ბაზაზე მისულმა ჟურნალისტმა ავტომანქანის დაყენება პარკინგზე გადაწყვიტა, თუმცა გაბადრული სახით მანქანიდან გადმოსულ ტერასას სახე მალე შეეცვალა, რადგან თავზე აღრიალებული ეტოო დაადგა – კიდევ ერთხელ გააჩერებ მანქანას ჩემს ადგილზე და ძვლებში დაგამტვრევო, იმუქრებოდა ეტოო. ტერასაც იძულებული გახდა მანქანისთვის ადგილი შეეცვალა. ეტოოს თავდასხმის ობიექტები მარტო ჟურნალისტები არ ყოფილან. ერთხელ ეტოო თავის 4 ძმაკაცთან ერთად თავს დაესხა ყოფილ აგენტ დანიელ არგიბოტს და საშინლად სცემა. დაზარალებულის თქმით, ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ ფეხსაცმელები გახადეს, რაც კამერუნული წესით სასიკვდილოდ განწირვას ნიშნავს. საბედნიეროდ, ეტოოს საქმე "სრული წესების დაცვით" არ დაუმთავრებია და არგიბოტი სიკვდილს გადაურჩა. საერთოდ, ეტოო კამერუნში გავრცელებული ბასას ტომის დიალექტზე საუბრობს და ხშირად ძალიან გაუგებრადაც. ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ამ დროს კამერუნელი იგინება. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი მის ცხოვრებაში ის არის, რომ ჯერ ბარსელონაში და ახლა მილანში ცხოვრებისას არასდროს ჰყავს გვერდით ცოლ–შვილი – ჟორჟეტასა და 3 შვილის საცხოვრებელი ადგილი პარიზშია. თუმცა, ეტოო ყველა თამაშის შემდეგ მიფრინავს საფრანგეთის დედაქალაქში და თავისუფალ დროს მათ გვერდით ატარებს წყარო: სპორტსიახლენი |