როგორც ვწერდით, ეროვნული გუნდის თავკაცი თემურ ქეცბაია ნაკრების წევრ-კანდიდატებზე დასაკვირვებლად ანთალიაშია. ჩვენი ინფორმაციით, ქეცბაია თურქეთში ქართველ ლეგიონერთა რამდენიმე ამხანაგურ მატჩს დაესწრო. ქეცბაიამ ანჟის მოთამაშეები მოინახულა და მახაჩყალელთა გუნდის მთავარ მწვრთნელ ომარ თეთრაძესთან ერთად, მის ქართველ შეგირდებსაც გაესაუბრა. შეგახსენებთ, რომ თეთრაძის გუნდში მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველები - კახა ალადაშვილი და გიორგი ნავალოვსკი, ნახევარმცველები გოჩა ხოჯავა და ზურაბ არზიანი, თავდამსხმელები - ოთარ მარცვალაძე და რევაზ ბარაბაძე თამაშობენ. მახაჩყალელთა გარდა, ქეცბაია მოსკოვის ლოკომოტივისა და დნიპროს სპარინგსაც დაესწრო და მალხაზ ასათიანიც მოინახულა. ასათიანი, რომელსაც ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი ექტორ კუპერი აღარ იძახებდა, როგორც ჩანს, ესტონეთთან 3 მარტის მატჩშივე დაბრუნდება. იმავე დღეს, ქეცბაიამ თვალი მიადევნა ასევე ზესტაფონისა და დნიპროს (მეორე შემადგენლობა) მატჩსაც, რომელშიც დნეპროპეტროვსკელთაგან ერთადერთი გოლი ჯაბა კანკავამ გაიტანა. ცხადია, ქეცბაია კანკავასაც ესაუბრა. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანთალიაში კიდევ 5 დღეს დაყოფს და ამ პერიოდში თბილისის დინამოს ამხანაგურ მატჩსაც დაესწრება. |